„იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ 6 თვეში უნდა იყოს, მაგრამ ან იქნება, ან არა“, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა კითხვას, თუ რატომ სახელდება ბირჟის ამოქმედების გადადების ვადად მაინცა და მაინც 6 თვე და არა, მაგალითად, 1 წელი.
თვალაბეიშვილის განცხადებით, გარანტიას ვერავის მისცემს, რომ ბირჟა აუცილებლად 1 იანვარს, ან მანამდე, სრულად ამოქმედდება.
„თუ ტესტირების პროცესში დავინახეთ ისეთი ხარვეზები და შეცდომები, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, კვლავ დაყოვნების გადაწყვეტილებას მივიღებთ. თუმცა, არ მგონია, რომ ეს ასე მოხდეს“, – განმარტა თვალაბეიშვილმა.
ბირჟის ამოქმედების გადადების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამართული მოსმენისას ისაუბრა. მოსმენა სექტორში ბაზრის რეფორმის თაობაზე შედგა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის დამაზუსტებელ კითხვაზე – თუკი დანამდვილებით არ ვიცით, რომ 6 თვე სავსებით საკმარისი იქნება ბირჟის სრულფასოვნად ასამოქმედებლად, რატომ ვიღებთ 6 თვიან ვადას და არ ვიღებთ, მაგალითად 1 წლიანს, – თვალაბეიშვილმა მოკლედ უპასუხა, – „იმიტომ, რომ, ვფიქრობთ, რომ 6 თვეში უნდა იყოს, მაგრამ ან იქნება, ან არა“.