დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთ-ერთი პანელური დისკუსია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნება.
19 იანვარს ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს, გააფართოებენ სატრანსპორტო თანამშრომლობას, ინვესტირებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში და როგორ შეუძლიათ ევროპასა და აზიას დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.
წელს WEF მუშაობას 16 იანვარს დაიწყებს და 20 იანვარს დაასრულებს. ფორუმის მთავარი თემა იქნება „თანამშრომლობა დანაწევრებულ მსოფლიოში“.
თავად ორგანიზატორების თქმით, ფორუმი ჩატარდება „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ფონზე“.
ფორუმს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე გერმანიის, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვის, კოსტა რიკის პრეზიდენტები და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან.