„მომხმარებლები სადაზღვევო ხელშეკრულებების გაუქმებას ითხოვენ, ტენდენცია მზარდია და ორ-სამ კვირაში შესაძლოა, დაზღვეულთა რაოდენობა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდეს,“ – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ გაუქმებული ხელშეკრულებების რაოდენობა განსაკუთრებით შესამჩნევია ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაში.
„ამან თუ მასობრივი ხასიათი მიიღო, სექტორში ძალიან რთული ვითარება შეიქმნება. ის ხალხი, რომლებიც კერძო დაზღვევით სარგებლობდა, გადავა საყოველთაოში და შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება ბიუჯეტზე ზეწოლა,“ – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
მისივე განმარტებით, მთლიანად გაჩერდა სამოგზაურო და საქართველოში არარეგისტრირებულ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებები. ადამიანები ქონების, ავტომობილის და სხვა პროდუქტების სადაზღვევო პაკეტებსაც აუქმებენ.
დევი ხეჩინაშვილი მეორე კვარტალში სადაზღვევო სექტორში მნიშვნელოვან დანაკარგებს ელის.სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობასთან სექტორის სტიმულირების გეგმაზე მუშაობის დაწყებას აპირებს.
მისი განმარტებით, ანტიკრიზისული გეგმის გარეშე სადაზღვევო სექტორი მისი ძირითადი ფუნქციის შესრულებას ვეღარ შეძლებს.
„ჩვენ ველით, რომ ყველაზე დიდი ხაზი, რაც ჯანმრთელობის დაზღვევას გულისხმობს და 600 000 მომხმარებელს მოიცავს, მნიშვნელოვნად შეგვიმცირდება. ანტიკრიზისული პაკეტები სჭირდება ყველა დარგს. მათ შორის სადაზღვევო სექტორსაც. იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ შევინარჩუნოთ ჩვენი ფუნქცია და ბიზნესსა და ადამიანებს ფინანსური გარანტიები კვლავ შევუქმნათ. აქ შესაძლოა განვიხილოთ სექტორის ხარჯების დროებით შეჩერების საკითხი. აქვეა ესტონური მოდელის თემაც, რომლის სადაზღვევო სექტორზე გავრცელებას უკვე დიდი ხანია ვითხოვთ.“ – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
1tv.ge