17-18 დეკემბერს მეექვსე აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართება თბილისში, დედაენის ბაღში. ღონისძიება ორგანიზებულია „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) მიერ „სთოლთან“ პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში. აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ მიზანია მცირე და საშუალო მწარმოებლებს მხარი დაუჭიროს ნიშური პროდუქტების გაყიდვის, ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების, ახალ მომხმარებლებთან დაკავშირებისა და სურსათის უვნებლობის ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით.
ღონისძიებაზე, საკუთარ პროდუქტს წარადგენს 50-ზე მეტი ფერმერი საქართველოს 8 რეგიონიდან. აგრობაზრის პარალელურად გაიმართება გასართობი ღონისძიებები საახალწლო თემატიკით, ყველა ასაკის ადამიანისთვის. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება და გაიყიდება ნიშური პროდუქტები, როგორებიცაა ქართული ყველი, ხორცპროდუქტები, თაფლი, ღვინო, ჩაი და სხვ. ყველასთვის კარგად ნაცნობი და ასევე ბევრისთვის უცნობი ადგილზე მომზადებული საკვები პროდუქტები და სასმელები კი კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას შესძენს „უნიკალურ ქართულ გემოს“ ღონისძიებას.
აღსანიშნავია, რომ FAO აგრობაზრის ყველა მონაწილეს საპატიო სიგელს გადასცემს FAO-ს ტრენინგებში მონაწილეობისთვის და საქართველოს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის.