დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 9.8% იყო. წინა თვეებთან შედარებით წლიური ინფლაციის დონე შემცირებულია, თუმცა ის სამიზნე 3%-ს მაინც სამჯერ აღემატება.
დეკემბერში ფასი არცერთ სერვისსა და მომსახურებაზე არ შემცირებულა. სამომხმარებლო საქონლის და სერვისების უმეტესობა გაძვირებულია, თუმცა 305 ინდიკატორს შორის, რომლითაც საქსტატი ინფლაციის მაჩვენებელს ადგენს, 50-ზე მეტი პროდუქტი გაიაფებულია. ფასის შემცირება ძირითადად მედიკამენტებსა და სამოსს შეეხო. გასულ თვეში 85 საკვები პროდუქტიდან 79 გაძვირდა და მხოლოდ 6 გაიაფდა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ მომსახურების ჩამონათვალს, რომელზეც ფასები 2022 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა.
საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 101%
სანოტარო გადასახდელი - 96%
ასლის გადაღება - 59%
ბინის დაქირავების ღირებულება - 37%
საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა - 34%
მუზეუმის ბილეთი - 30.5%
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 19.4%
თერაპევტის კონსულტაცია - 19.2%
ძიძის მომსახურების ღირებულება - 15.7%
საბავშვო ბაღის გადასახადი - 14.2%
შეგახსენებთ, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი, სხვადასხვა სერვისი, გართობის, დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.