Dell-ი თანამშრომლების 5%-ის გათავისუფლებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას cnnbusiness ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ხარჯების შემცირების მიზნით მიიღო.
Dell დაახლოებით 133,000 ადამიანს ასაქმებს, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა cnn-ს უთხრა ეს 5% იანი შემცირება იქნება რაც რაოდენობრივად 6500-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს.
კომპიუტერულმა გიგანტმა კადრების შემცირების მიზეზად „პრობლემური და გაურკვეველი ეკონომიკური გარემო“ დაასახელა. თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში, Dell-ის ვიცე-თავმჯდომარე ჯეფ კლარკმა განაცხადა, რომ კომპანიის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები, როგორიცაა თანამშრომლების მოგზაურობის შეზღუდვები საკმარისი არ არის.
”ჩვენ ვიცით, რომ გაურკვეველი მომავლის გამო საბაზრო პირობები კვლავ გაუარესდება, ეკონომიკური კრიზისისგან თავის დასაღწევად ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ იძულებულები ვართ დამატებით გადაწყვეტილებები მივიღოთ” - განუცხადა კლარკმა თანამშრომლებს.
ამ გადაწყვეტილებით Dellისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს უერთდება, როგორიცაა PayPal, Spotify, Amazon.com, Meta Platforms, Alphabet, Microsoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.