მიმდინარე წლიდან დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზაფხულამდე წარადგენს. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში ზღვრულ მაჩვენებლამდე ეტაპობრივ გადასვლას ვარაუდობენ.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ იურიდიული პირების დაზღვევის შემთხვევაში ბანკებს ხარჯი გაეზრდებათ, თუმცა მისი დაბალანსება ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებით შეუძლიათ.
„როგორც ფიზიკური პირების შემთხვევაში,ისე იურიდიული პირების დაზღვევის შემთხვევაშიც ხარჯი ბანკებს გაეზრდებათ. ამის დაბალანსება შესაძლოა ანაბრებზე საპროცენტო განაკეთის შემცირებით მოხდეს, თუმცა, ეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ვალდებულებით გვაქვს ჩვენ აღებული, რომ უნდა დავაზღვიოთ დეპოზიტები, განსაკუთრებით 5000 ლარამდე. იურიდიულ პირებს დეპოზიტები ძირითადად მიმდინარე ანგარიშზე აქვთ და დიდი მოცულობისაა, მცირე დეპოზიტები ნაკლებად აქვთ. შესაბამისად, ხარჯების განსაკუთრებულ ზრდას ამ მიმართულებით არ ველოდები. ეს გაწერილი და მოსალოდნელი იყო, ამიტომ ვიმედოვნებ რომ ბანკებიც მომზადებულები შეხვდნენ“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი კი ფიქრობს, რომ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევამ ფინანსური სტაბილურობის შედეგი არც 3 წლის წინ მოგვიტანა და ახლაც იგივე განმეორდება.
„საქართველოში 3 წლის წინ დეპოზიტების დაზღვევა, რომ შემოვიდა ამ ფაქტმა არანაირი ფინანსური სტაბილურობის შედეგი არ მოიტანა, არც ლარი გაამყარა და არც ინფლაცია შემცირებულა. იგივე განმეორდება ახლაც, მთავრობა დეპოზიტების დაზღვევით მომხმარებელს პირიქით ცხოვრებას გაურთულებს, რადგან ეს დაზღვევა ბანკისთვის ხარჯია და შესაბამისად, ის მომხმარებელს დეპოზიტს გაუძვირებს“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 27,243,191,066 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 15,070,121,202 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 3,828,388,482 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,241,732,720 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 12,173,069,865 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5,767,486,823 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 6,405,583,042 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 2,017,232,274 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1,284,341,452 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 732,890,822 ლარის ეკვივალენტი.
ნინო თამაზაშვილი