გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა რუსი სამხედროების რაციებით საუბრები ჩაიწერა, რომლებიც ახალ დეტალებს შეიცავს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში მომხდარ მასობრივ მკვლელობებზე. საუბრებში რუსი ჯარისკაცები მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვაზე ლაპარაკობენ, ხოლო ცალკეული ფრაზები შესაძლოა დაღუპულთა კონკრეტულ ცხედრებს ეხებოდეს, რომელთა ფოტოკადრებიც მედიით გავრცელდა. ამის შესახებ ხუთშაბათს, 7 აპრილს, გერმანული გამოცემა Der Spiegel დაზვერვიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
კერძოდ, დაზვერვას ჩაწერილი აქვს საუბრები, სადაც სამხედროები ჰყვებიან მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ადგილმდებარეობის შესახებ. ერთ–ერთი სამხედრო პირი ამბობს, რომ მან და მისმა თანამებრძოლმა ველოსიპედით მიმავალი ადამიანი ჩაცხრილეს. ბუჩაში რუსი სამხედროების სიმხეცის ერთ–ერთ დამადასტურებელ საფუთად იქცა ფოტოკადრი მოკლული ველოსიპედიანი კაცის გამოსახულებით, რომელმაც მთელი მსოფლიოს მედია მოიარა. ერთ–ერთი სამხედრო კი ამბობს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ჯერ დაკითხვაზე მიჰყავთ, ხოლო შემდეგ ხვრეტენ.
გერმანიის დაზვერვის მონაცემები ცხადყოფს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენები არ იყო შემთხვევითობა, ან ცალკეული კონტროლდაკარგული ჯარისკაცის ქმედების შედეგი, წერს გერმანული გამოცემა.