დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დევნილ ვეტერანთა 18 ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ურყევ პრიორიტეტად რჩება.
„საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პროგრამა აქტიურ ფაზაშია. დღეს, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები გადავეცით. განსახლებაზე თანხმობა, ჯამში, დევნილ ვეტერანთა 123 ოჯახს ეთქვა. ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ განსახლების ალტერნატიული მოდელითაც ისარგებლონ და თავად მოიძიონ ბინა, რომელსაც სააგენტო შეუსყიდის. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში“, - აღნიშნა ჯაბა სირბილაძემ.
სააგენტო დევნილი ვეტერანების განსახლების მიზნით სპეციალურ პროექტს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის წინაშე მათი განსაკუთრებული დამსახურება სათანადოდ იქნას დაფასებული.