დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.
„ერთი მხრივ, ვეხმარებით მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს, რომ გააფართოონ საკუთარი საქმიანობა და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს თვითდასაქმებაში. თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
ამ ეტაპზე, ორივე პროგრამის ფარგლებში, გრანტი 80-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო.