28 იანვარს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდებიან და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და იურისტი დაესწრებიან.
დევნილთა სააგენტო აქტიურად მუშაობს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. მნიშვნელოვანია, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების განსახლება უკვე დაწყებულია. 2022 წელს, ავარიულ შენობაში მცხოვრები ყველა ოჯახი ახალ საცხოვრებელს, ეტაპობრივად, მიიღებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.