დღეიდან, 26 იანვრიდან, მუნიციპალურ ავტობუსებში მძღოლის და წინა კარის ზონასთან არსებული დამცავი ბარიერები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე მიიღო.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ არსებული რეკომენდაცია ავტობუსში მძღოლებისთვის ბარიერის მოწყობის თაობაზე გაუქმებულიყო, რაზეც საკოორდინაციო საბჭო დათანხმდა.
„თბილისის მუნიციპალიტეტმა წინადადებით მიმართა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, გაუქმებულიყო რეკომენდაცია, ავტობუსებში მძღოლებისთვის ბარიერების მოწყობის თაობაზე. აღნიშნულ წინადადებას საბჭო დაეთანხმა და მგზავრები შეუფერხებლად შეძლებენ ავტობუსის წინა კარით სარგებლობას. ბარიერები მოიხსნა ყველა მუნიციპალურ ავტობუსში“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
„კომერსანტი“ ამ გადაწყვეტილების შეფასებისთვის ინფექციონისტ ნანა ღონღაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების საქმეა და თუ ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოდ, ვირუსის ეს მსუბუქი ფორმა ალბათ ყველამ უნდა გადაიტანოს, რომ მას მიეცეს ჩვეულებრივი ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სახე.
„ამას არ ვწყვეტთ ჩვენ, არც ადამიანები, ამას წყვეტს ეპიდემიოლოგიური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამას ვერ მიიღებდა სხვა ვერავინ, ამიტომ როგორც ჩანს ეს გამართლებულია, ამას მიიღებდა ამირან გამყრელიძის სამსახური და ეს ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით და არა თვითნებურად. მე საწინააღმდეგოს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წყვეტს, ძალიან ბევრმა ქვეყანამ მოხსნა შეზღუდვები და, როგორც წესი, ალბათ, ეს მსუბუქი ფორმა ყველამ უნდა გადაიტანოს და შეიძლება შემდეგ მსუბუქი ფორმების ტესტირებაც გაუქმდეს“, - აღნიშნა ნანა ღონღაძემ
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.58%.
თაკო კვაჭანტირაძე