დღეიდან „ბილაინის“ მომხმარებლები Cellfie Mobile-ის მომხმარებლები ხდებიან. ეს არის სრულიად ახალი, 100%-ით ქართული ციფრული ბრენდი, რომელიც აერთიანებს როგორც ტელეკომ, ისე ციფრულ სერვისებს.
Cellfie Mobile-ის ახალი ბრენდი სელფი (Cellfie) დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს. მათი თქმით, ეს იქნება სრულიად ციფრული, თანამედროვე, დინამიკური, ახალი პოზიტიური პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა იმ საჭიროებას, რომელიც აბონენტებს გააჩნიათ.
Cellfie Mobile-ის გენერალური დირექტორის, ვასილ ბერიშვილის თქმით, ქსელის არსებული მომხმარებლები იმ ტარიფებს და პაკეტებს შეინარჩუნებენ, რაც ჰქონდათ, მაგრამ ამასთან ერთად ახალი შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ.
„დღეიდან „ბილაინის“ მომხმარებლებს ახალი ბრენდით - Cellfie Mobile-ით მოვემსახურებით. მინდა ჩვენს არსებულ მომხმარებლებს ვუთხრა, რომ ის არსებული ტარიფები და პაკეტები, რაც დღემდე ჰქონდათ, შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ, ამასთან ერთად ძალაშია სრულიად ახალი შეთავაზებები და სურვილისამებრ, შეუძლიათ ისარგებლონ“, - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა.
მისი თქმით, დამატებითი ინვესტიციებით ქსელის გაფართოება, ინტერნეტის სიჩქარის გაზრდა და მომხმარებლისთვის ახალი სერვისების შეთავაზება იგეგმება. კომპანია ასევე მუშაობს 5G ტექნოლოგიის დანერგვაზე. ამასთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიასთან სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„დამატებითი ინვესტიციებით ქსელის გაფართოებას, კიდევ უფრო დახვეწას, უკეთესი ინტერნეტის სიჩქარის მიწოდებას და ახალ სერვისებს ვგეგმავთ. რაც შეეხება 5G ტექნოლოგიას, ის ნამდვილად არის მომავლის ტექნოლოგია. ვფიქრობთ ინვესტიციას ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მარეგულირებელ კომისიასთან სალიცენზიო პირობებზე და თუ ეს ყველაფერი შეთანხმებით დასრულდა, დავიწყებთ ამ ტექნოლოგიის დანერგვას,“ - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა.
„სიბიეს ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის, თამარ გახარიას თქმით, ქსელის გაფართოებას და ხარისხის გაუმჯობესებას ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია მოხმარდება.
„ჩვენი კომპანიის მთავარ ფილოსოფიად განვსაზღვრეთ ავთენტურობა, საკომუნიკაციო ხაზად ავირჩიეთ გულწრფელობა და სამიზნე აუდიტორიად - ის თაობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასთან. ჩვენ, როგორც „სიბიეს ჯგუფი“ - პასუხისმგებლები ვართ ამ ჯგუფის გაზრდასა და გაძლიერებაზე. ამისთვის ვგეგმავთ ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომელიც მოხმარდება ქსელის გაფართოებას, ხარისხის გაუმჯობესებას და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ჩვენი აუდიტორიის მოთხოვნილებები და ვიყოთ მაქსიმალურად გულწრფელები“, - განაცხადა თამარ გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელ კომპანია „სიბიეს ჯგუფმა“ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ საერთაშორისო კომპანია VEON-თან რამდენიმე წლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და 2022 წელს „ბილაინის“ ბრენდის სახელით ცნობილი მობილური კავშირის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, ქართული კომპანია გახდა, რომელმაც დღეს ახალი ბრენდი სელფი (Cellfie) წარმოადგინა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა