ქუთაისში დღეიდან ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო.ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე მოეწყო.
დღეიდან დაწესებულებას მხოლოდ ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც რესპირატორული მოვლენები და ტემპერატურა აქვთ. ადგილზე მოხდება პაციენტებისგან ეპიდემიოლოგიური და დაავადების ანამნეზის შეგროვება, ტრიაჟი, 24-საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
ე.წ. ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის ცენტრები ქუთაისის გარდა, თერჯოლასა და სამტრედიაში მოქმედებს.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 23 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
Imedinews.ge