„მე როგორც ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს მეამაყება, რომ დღეს დედაქალაქს ყველაზე ახალი და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი დაპირება, რაც მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეასრულა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლება იყო.
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სატრანსპორტო რეფორმაზე და სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრულები. პირველი რაც გავაკეთეთ და მოვახერხეთ იყო ის, რომ დაპირება რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ განახლებას და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლებას გულისხმობდა შესრლდა.
ეს პირველი ეტაპი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ და მე ნამდვილად მეამაყება როგორც ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ დღეს დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი, ყველაზე მოწესრგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება ითქვას მთელ ევროპაში, იმიტომ რომ საფინანსო ორგანიზაციების თანადგომით და მხარდაჭერით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გვყავს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ავტობუსები. ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი.
რა თქმა უნდა გვაქვს შემდეგ ეტაპი იმისთვის, რომ ამ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით ადამიანებმა ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ, ასევე მოცდის დროის შემცირება, რომ ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში მოსაცდელებზე ლოდინი არ უწევდეთ, ეს ყველაფერი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობით გაკეთდება“. - აღნიშნა კახა კალაძემ.