დღეს, 4 აპრილს, ფინეთი NATO-ს წევრი გახდება. ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს.
„ფინეთი დღეს, ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო შეიტანს“, - ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ბრიუსელში ფინეთის NATO-ში გაწევრიანების აღსანიშნავად დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება.
„ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ NATO-ს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და მთლიანად NATO-სთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.