მრავალ გამოწვევასთან ერთად, რომლის წინაშეც საქართველო დგას ერთ-ერთი ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი, სამაცივრე მეურნეობის არ არსებობაა. ფერმერებს, რომლებსაც ამ პერიოდისთვის საკუთარი წარმოების რეალიზაცია ჰქონდათ გათვლილი, პროდუქციის გაყიდვა გაუჭირდათ. სამომავლოდ კი, კონკრეტულად, შემოდგომაზე ბაზარზე გაძვირებულ პროდუქტს მივიღებთ.
გარდა ამისა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რიგი აკრძალვების გამო, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მაღაზიების მომარაგების პრობლემა შეიქმნა. პრობლემაა აქვთ ადგილობრივ მეურნეებსაც, რომლებსაც ავტომობილების აკრძალვის გამო, მიწის ნაკვეთებამდე ანუ ადგილამდე მისვლა უჭირთ,შესაბამისად, პრობლემაა მოსავლის მოვლა.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოფლის მეურნეობაში დღეს არსებულ რამდენიმე პრობლემაზე საუბრობს. ერთ-ერთი მოსავლის აღების შემდგომ ხილისა და ბოსტნეულის მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივად შენახვაა. მანამ კი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული აკრძალვების გამო, ფერმერები თავიანთი მოსავლის მოვლას და ახლის დათესვას ვერ ახერხებენ, რაც სამომავლოდ, პროდუქტის კრიზისს გამოიწვევს.
„ჩვენი დღევანდელი გამოწვევა არის, სოფლის მეურნეობის პროდუქტის შენახვა, რადგან მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში უნდა არსებობდეს ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი. ეს კი ამავდროულად სასურსათო უსაფრთხოებას ნიშნავს და ეს მომენტი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. კორონავირუსის შედეგად მსოფლიო ფიქრობს იმაზე, რომ ექსპორტი შეამციროს.სხვა ქვეყნებში ექსპორტის შემცირება ჩვენთან და ჩვენნაირ ქვეყნებთან იმპორტის შემცირებას გამოიწვევს, თუ ჩვენ არ გვექნება შემნახველი მეურნეობები,მათ შორის, ხილის და ბოსტნეულის, ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დავდგებით.
ქართული მეურნეობისთვის დღეს ასევე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ გადაადგილება შეზღუდულია, დაკეტილია აგრარული ბაზრები, ქვეყანა არის კარანტინში და ტურისტული ნაკადი, რომელიც ყველაზე დიდი მოხმარების წყარო იყო, ფერმერებისთვის შეზღუდულია.ასევე ჩვენ გვაქვს აგროკალენდარი, რის მიხედვითაც თუ ახლა არ დაიწყო დარგვა და დათესვა, სამომავლოდ, სერიოზული პრობლემა შეგვექმნება. ყველაფერმა შეიძლება მოიცადოს ეკონომიკაში, გარდა სოფლის მეურნეობისა“-აღნიშნავს ნინო ზამბახიძე.
„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელის რუსუდან გიგაშვილის განმარტებით, დღევანდელი შეზღუდვა, რომელიც ფერმერებზეც გავრცელდა და საქმიანობა შეეზღუდათ, შემოდგომაზე ბოსტნეულისა და ხილის ღირებულებას გააძვირებს.
„სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების უმრავლესობა არ არის დარეგისტრირებული როგორც იურიდიული პირი. ამის გამო მათზე ვერ შეძლეს საშვის გაცემა და ეს სისტემა მათთვის მოუქნელი აღმოჩნდა.გადაადგილების პრობლემის გამო, კი სათბურებამდე ვერ მიდიან, რის შედეგადაც უზიანდებათ მოსავალი.ტრანსპორტირების გამო საადრეო ბოსტნეულის რეალიზების პრობლემაც შეიქმნა და პროდუქტი სარდაფში ულპებათ.ყველგან, სადაც საადრეო ბოსტნეული და ხილი მოიყვანეს, ყველა ზარალზეა. ახლო პერიოდიში ბაზარზე ახალი და ჯანსაღი პროდუქტების დეფიციტი აუცილებლად გაჩნდება, ცოტა გრძელვადიან პერიოდში კი უფრო ზუსტად შემოდგომაზე, სამეურნეო სურსათზე ფასი საგრძნობლად გაიზრდება.სოფლის მეურნეობა ისეთი სფეროა, ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს, ახლა უნდა დაიწყოს ფერმერმა დარგვა და დათესვა, თორემ თუ ვერ მოასწრო, ქვეყანა მოსავლის გარეშე დარჩება.”-ამბობს რუსუდან გიგაშვილი.
ნათია ლომიძე