დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება
2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით;
2. ანტიკრიზისულ ღონისძიებებს მთავრობა 2021 წელს 1,14 მლრდ ლარით დააფინანსებს
ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტიდან 1,14 მლრდ ლარით დააფინანსებს. მთლიანობაში ანტიკრიზისული ღონისძიებების, მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მეოთხე ეტაპის დასაფინანსებლად გამოიყოფა 1,42 მლრდ ლარი, აქედან მხოლოდ 280 მლნ გამოიყოფა 2020 წლის ბიუჯეტიდან.
3. „ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის სარესტორნო სივრცე - სხვა კვების ობიექტებთან ერთად 28 ნოემბრიდან ორი თვით დაიხურა, რასაც რესტორატორი გაუგებარ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ამას ემატება ისიც, რომ თედელურის თქმით, მზარეულებს, რომლებსაც თავიანთ ობიექტებში მიტანის სერვისის ამოქმედების უფლება აქვთ, არ აქვთ საშვები და შეკვეთების ყველაზე აქტიურ საათებში, მათ სამუშაო დღის დასრულება უწევთ.
4. „ახალი შეზღუდვების გამო, ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე ეროვნული ბანკის, სავალუტო ფონდის თუ ISET-ის პროგნოზებშია წარმოდგენილი“
2021 წლისთვის მთავრობა და ეროვნული ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი ზრდა უფრო მცირე, 4.3% იქნება.
5. არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი
„არც ველოდით აუზების დახურვას, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ წყლით კორონავირუსი არ გადადის. ეს ყველაფერი არ ყოფილა ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა,“ - საცურაო აუზების კიდევ ორი თვით დახურვის შესაძლო შედეგებსა და მიზანშეწონილობაზე „კომერსანტს“ ვაკის საცურაო აუზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ.
6. ერთ თვეში ქართუ ბანკს აქტივები 48 მლნ-ით, ბაზისბანკს კი 71 მლნ-ით შეუმცირდათ
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 54,343,826 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა ზრდის შემდეგ, ოქტომბერში 1%-მდე კლება დაფიქსირდა და 53,916,702 ათასი ლარი გახდა. სექტორის აქტივები 427 მლნ-ით არის შემცირებული.
7. Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.
8. ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.
9. The Wall Street Journal - 2020 წლის ყველაზე მსხვილი ბიზნეს გარიგება
კომპანია S&P Global-ი ანალიტიკური სააგენტო IHS Markit-ის ყიდვას გეგმავს - გარიგება მომზადების ეტაპზეა და მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია. გარიგების ღირებულება 44 მლრდ. დოლარია და რეალიზების შემთხვევაში ის 2020 წელს უმსხვილეს ხელმოწერილ ბიზნეს შეთანხმებად ჩაითვლება.
10. რუსეთი დეფაქტო აფხაზეთში საკუთარ ბიზნეს-ინტერესებს ლობირებს
ცნობილი აფხაზი ბლოგერი იზიდა ჭანია რუსეთს და დეფაქტო აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროექტს ეხმაურება და ამ დოკუმენტს მოსკოვის მხრიდან დეფაქტო აფხაზეთში რუსული ბიზნესის ინტერესების ლობირებად მიიჩნევს. „კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს სტატიას უცვლელად, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს.