კორონავირუსის პანდემია და მომხმარებლის ქცევის ცვლილებები დიდი ბრიტანეთის რითეილერებს დიდ ზიანს აყენებს, წერს inews.co.uk. აუდიტორულ–საკონსულტაციო კომპანიის PwC მონაცემებით, ბოლო 6 თვეში დიდ ბრიტანეთში 8 739 ოფლაინ–მაღაზია დაიხურა (დაახლოებით 50 ობიექტი დღეში) და მხოლოდ 3 488 გაიხსნა. ასე რომ, მაღაზიების რაოდენობა 5 251–ით შემცირდა. ეს კი ოდნავ ნაკლებია 2020 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე – იმ პერიოდში მაღაზიების რაოდენობა 6 ათასზე მეტით შემცირდა.
ყველაზე მეტად მოდური ტანსაცმლის რითეილერები დაზარალდნენ: 2021–ის პირველ 6 თვეში 1 063 მაღაზია დაიხურა. მეორე ადგილზეა საქველმოქმედო მაღაზიები (charity shop) – დაიხურა 452 ობიექტი, მესამეზეა ავტომობილებისა და მოტოციკლების მაღაზიები – 428.
ქალაქების ცენტრალურ უბნებში მაღაზიების რაოდენობა 4,3%–ით შემცირდა, გარეუბნებში – 3%–ით, სოფლებში – 2,3%–ით. ამის მიზეზი ლოკდაუნები გახდა, რამაც თანამშრომლების უმრავლესობა აიძულა, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასულიყო და დიდი ქალაქებიდან მშობლიურ კუთხეებში დაბრუნებულიყვნენ.
ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმის კვლევის შედეგების თანახმად, ბრიტანეთში დაცარიელებული კომერციული ფართების წილმა 14,5% შეადგინა. დიდ ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ–დასავლეთში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 11,1 და 13,3%–ს აღწევს, ჩრდილო–აღმოსავლეთ ინგლისში – 19,3%–ს, უელსში – 19,5%, შოტლანდიაში – 16,1%.
kommersant.uk