დიდი ბრიტანეთი რამდენიმე წელში ფუნტის ციფრულ ვერსიას გამოუშვებს, რათა ფულადი გზავნილების ხარჯები შეამციროს. ამის შესახებ NatWest ბანკის ხელმძღვანელმა, ჰოვარდ დევისმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა.
სააგენტოს შეფასებით, ცენტრალური ბანკები მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ სწავლობენ, გამოუშვან თუ არა მათი ვალუტის ციფრული ვერსია - CBDC (central bank digital currency), რათა გადახდის სისტემების სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებას ფეხი აუწყონ და არ ჩამორჩნენ. ასეა The Bank of England-იც, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიწყოს თუ არა CBDC-ის განვითარება.
„მე ეჭვი მაქვს, რომ 3-დან 5 წელიწადში ციფრული ფუნტი გაერთიანებულ სამეფოში საპილოტე ვერსიით ფუნქციონირებას დაიწყებს“, - აცხადებს ჰოვარდ დევისი.
მისი თქმით, CBDC ლოგიკური განვითარების პროდუქტია, თუმცა საბანკო თვალსაზრისით პრობლემატურია, რადგან ნაღდი ფული ეკონომიკიდან ნელ-ნელა გაედინება. ბანკის მმართველი, ასევე, აცხადებს, რომ კრიპტო-აქტივები, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინი, ეკოლოგიურადაც დამღუპველია და ტრანზაქციებისთვისაც უვარგისია, ხოლო კრიპტო-ტრანზაქცია „ბნელ ქსელში კოკაინის შესაძენად თუ გამოდგება.“
„ეს არ არის დაგროვებითი საშუალება და მეტად არასტაბილურია“ - აცხადებს დევისი.
The Bank of England-ის მმართველი, ენდრიუ ბეილი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი CBDC-ის განვითარების პროეცესს არ ჩამორჩება.
„უბრალოდ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ რას შეცვლის ციფრული ვალუტა და როგორ გააუმჯობესებს საგადასახადო სისტემას“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავარი ბანკირი.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს ციფრული ევროს შემუშავება, თუმცა მის ფაქტიურ გამოშვებას, Reuters-ის შეფასებით, შესაძლოა, 5 წელი დასჭირდეს. გერმანული ბუნდესბანკის პრეზიდენტი, იენს ვეიდმანი აცხადებს, რომ ციფრულ ევროს თავიდან შეზღუდული ფუნქცია უნდა ჰქონდეს, რადგან მან შესაძლოა, საბანკო სექტორი შეაფერხოს და ცენტრალური ბანკის როლი ზედმეტად გაზარდოს.
BPN.GE