რუს ოლიგარქთან, რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებულ ორ პირს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აბრამოვიჩის მფლობელობაში არსებული საფეხბურთო კლუბის, ლონდონის „ჩელსის“ დირექტორს, ევგენი ტენენბაუმს ბრიტანეთის ხელისუფლება ფინანსურ აქტივებს გაუყინავს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მას ასევე სატრანსპორტო სანქციები დაუწესდება, რის გამოც ნებისმიერი გემი ან თვითმფრინავი, რომელსაც ტენენბაუმი აკონტროლებს ან ექსპლუატაციას უწევს, დაკავებული იქნება, თუკი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შევა.
ასეთივე სანქციები შეეხება აბრამოვიჩთან დაახლოებულ პირს, დავიდ დავიდოვიჩს.
BBC-ის ცნობით, აქტივების გაყინვა 10 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე ოდენობის თანხას შეადგენს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა განაცხადა, რომ ხელისუფლება „ამკაცრებს ზომებს პუტინის ომის მანქანის წინააღდეგ და კრემლის უახლოეს გარემოცვაში მყოფ პირებს „სამიზნეში იღებს“.
BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მყოფთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა.