ანაკლიის სანაპიროს ცნობილი საფესტივალო კუნძული, Lisi Wood-ის მიერ ორგანიზებულ სამდღიან ფესტივალს უმასპინძლებს. ტურისტებისგან პრაქტიკულად დაცლილ შავი ზღვის კურორტზე მუსიკალური ღონისძიება 21, 22, 23 აგვისტოს გაიმართება.
როგორ მოხდება საფესტივალო სივრცის კონტროლი არსებული რეგულაციებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობის ფონზე, ამის შესახებ „კომერსანტი“ ფესტივალის ორგანიზატორებს გაესაუბრა. როგორც ნუცა კუხიანიძე განმარტავს, ჯგუფს მოფიქრებული აქვს სლოგანიც, რათა დისტანცია და ყველა მონაწილისა და მსმენელის პირადი სივრცე დაცული იყოს.
„ჩვენს ღონისძიებაზე სამ დღიანი გაუჩერებელი მუსიკა იქნება, რა დროსაც არავინ ვიცით რა მოხდება და არაფრისგან ვართ დაზღვეული. მაგრამ, ხალხი მოწყურებულია გართობას და ქალაქიდან გასვლაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.
ამ ეტაპზე ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია და ვფიქრობთ სრულად შეივსება დაშვებული ადამიანების რიცხვი ფესტივალზე. ტერიტორია ძალიან დიდია და ვჯდებით იმ რეგულაციბში, რაც მოგვეთხოვება.
ტერიტორიაზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც რეგულაციების დაცვის კონტროლით იქნებიან დაკავებული. ყველა აუცილებელი აღჭურვილობა, იქნება ეს ხელის საწმენდები თუ გამაფრთხილებელი სტიკერები, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება. ვფიქრობდით სლოგანზეც - use your own everything, რაც შეიძლება სამაჯურებზე დავაწეროთ. ანუ „გამოიყენე ყველაფერი საკუთარი“, რათა ვინმემ სხვისი ჭიქიდან არ მოსვას ან რამე მსგავსი არ მოხდეს,“ - აღნიშნავს ნუცა კუხიანიძე.
Lisi Island-ის ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასი 80-დან 130 ლარამდე მერყეობს. ხოლო line up-ი სრულად ქართველი არტისტებითაა დაკომპლექტებული. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ პანდემიის პირობებში ფესტივალის ჩატარება დიდი ფინანსური რისკიცაა, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ დაინტერესება და რეგულაციების დაცვა ამ მიმართულებას სიძნელეებს შეუმსუბუქებს.
„ფესტივალი დაახლოებით 1000 ადამიანს მიიღებს, შემსრულებლები კი ადგილობრივები არიან. ძალიან კარგი იქნება თუ დამკვიდრდება ის ტენდენცია, რომ ამ ფესტივალზე ლოკალური მუსიკოსები იყვნენ.
ამჟამად მოლაპარაკების რეჟიმში ვართ ბევრ კომპანიასთან, ვინც შეიძლება ჩვენი სპონსორი გახდეს.მოგეხსენებათ, რომ ყველამ ძალიან დიდი ზარალი მიიღო და არავინ იყო ამისთვის მზად, შემოსავალი აბსოლუტურად განულდა.
ახლა ფესტივალის ჩატარება ძალიან დიდი რისკიცაა, მაგრამ მგონია რომ ამად ღირს. ძალიან დიდი აქტიურობა შეინიშნება და ბევრი ადამიანი გვიკავშირდება. თუმცა რისკი არის, რადგან არ გყავს დამფინანსებელი, მაგრამ მგონია რომ ეს ჩვენი ღონისძიება თავის გზას იპოვის,“ - განმარტა ნუცა კუხიანიძემ.
ზაფხულის დიდი მუსიკალური ფესტივალები - Tbilisi Open Air-ი, Echowaves, თბილისისა და ბათუმის ჯაზფესტივალები, Black sea Arena-ს დიდ სცენაზე დაგეგმილი უცხოელი არტისტების მუსიკალური ღონისძიებები - მუსიკალურმა ინდუსტრიამ 2020 წელს ზაფხულის შემოსავლების ძირითადი ნაწილი დაკარგა. ფრენების გაუქმების გამო უცხოელი არტისტები ზაფხულში დაგეგმილ მასშტაბურ ფესტივალებში ვერ მონაწილეობენ. პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო კი ხალხის შეკრება აიკრძალა. ფესტივალების ჩატარება 13 ივლისიდან გახდა დასაშვები.
მარიამ მორგოშია