„დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრებმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბელარუსის საზღვრებზე საიმიგრაციო კრიზისი დაგმეს.
„ჩვენ, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები, და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვგმობთ ბელარუსის რეჟიმის მიერ არალეგალური მიგრაციის ნაკადების ორგანიზებას. ეს თავხედური ქმედებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას, რომლებიც არალეგალური მიგრაციის პროვოკაციული გამოყენების სამიზნე გახდნენ“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.
„დიდი შვიდეული“ ბელარუსის რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული და ექსპლუატაციური კამპანია სიკვდილის შემთხვევებისა და ტანჯვის თავიდან ასაცილებლად.
„საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შეუფერხებელი წვდომა უნდა მიეცეს. ბელარუსის რეჟიმის ქმედებები მცდელობაა, ყურადღება გადაიტანოს საერთაშორისო სამართლის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების, მათ შორის საკუთარი ხალხის უფლებების უგულებელყოფისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
imedinews.ge