ზუგდიდში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„პროექტი, გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, დევნილებისთვის 200-მდე სახლის აშენებას ითვალისწინებს, მათ შორის 63 სახლი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს.
საცხოვრებლის კვადრატულობა ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება. ახალი სახლები დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სამუშაოებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელ ნინო ხოხობაიასთან ერთად, გაეცნო.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანს დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.