თბილისში “დიდუბის ხიდის“ რეაბილიტაციაზე დედაქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტზე 3 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
სატენდერო პირობების თანახმად, დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით წინადადებების მიღება 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 3 176 063 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტშია აღნიშნული რეაბილიტაციას საჭიროებს: ხიდზე წყალმოცილების სისტემა, მისასვლელი მიწაყრილები, სავალი ნაწილისა და ტროტუარების საფარი, ხიდზე ჰიდროიზოლაცია, თაღების ქვედა ზედაპირების ბეტონი და მცირე თაღის დაზიანეული უბნები. ასევე, გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს ტროტუარის კონსოლები; მიმდინარე რემონტს საჭიროებს ხიდის მოაჯირები და პარაპეტები.
სამუშაოების შესრულების ვადად, წერილობითი დავალების მიცემიდან 6 თვეა განსაზღვრული.
შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი. დედაქალაქის მთავრობამ 2022 წლის თებერვალშიც გამოაცხადა, თუმცა ის არ შედგა და ხიდის რეაბილიტაციის დაწყებაც გადაიდო.