„გლობალური დიზელის ბაზარი წარმოუდგენლად დაპატარავდა“ - გვაფრთხილებს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და დასძენს, რომ ევროკავშირის სანქციები რუსულ ნავთობზე, რომელიც სრულად ძალაში მომდევნო სამ თვეში შევა, კონკურენციას ნავთობზე კიდევ უფრო გაზრდის. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
IEA-ს თანახმად, დიზელის ფასები ნედლი ნავთობის ფასთან შედარებით, ოქტომბერში რეკორდულად - 70 პროცენტით გაიზარდა და ერთი წლის წინანდელ მონაცემზე 425 პროცენტით მეტია.
„დიზელის მაღალი ფასები აძლიერებს ინფლაციას, ამძაფრებს ზეწოლას გლობალურ ეკონომიკასა და ნავთობზე მოთხოვნაზე“, — ნათქვამია IEA-ს განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირმა ემბარგო დააწესა, რუსეთიდან იმპორტირებულ დიზელისა და სხვა რაფინირებული პროდუქტების ბაზარი კიდევ უფრო „შემჭიდროვდა“ და დაპატარავდა
„არარუსული დიზელის საწვავისთვის კონკურენცია სასტიკი იქნება, ევროკავშირის ქვეყნებმა ტვირთები აშშ-დან, ახლო აღმოსავლეთიდან და ინდოეთიდან, ტრადიციული მყიდველისგან მოშორებით უნდა მიიღონ“, ნათქვამია განცხადებაში.
დიზელის მაღალი ფასები, ჩინეთის შესუსტებულ ეკონომიკასთან, ევროპის ენერგეტიკულ კრიზისთან და მყარ ამერიკულ დოლართან ერთად მძიმე ტვირთად აწევს სამომხმარებლო ბაზარს. ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღეში, მეოთხე კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, 240 000 ბარელითაა შემცირებული.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა