პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას, ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სერვისებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, კრიტიკული იყო მდგომარეობა დიალიზის სერვისებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, შეიძინა 40-მდე ახალი დიალიზის აპარატი ბათუმის, რუხის და თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოებისთვის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კვლავაც პრობლემური რჩება. რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, კვირაში რამდენჯერმე უწევდა საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება დიალიზის სერვისის მისაღებად. ჩვენ, აპრილში დავაანონსეთ პროგრამის გაფართოება. დღეისათვის სერვისი სრულად ამოქმედდა დაბა მესტიაში, რაც მაღალმთიანი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. უახლოეს თვეებში, მოხდება სერვისის ამოქმედება ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთში, ყაზბეგსა და სხვა ქალაქებში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი კომპონენტი დაემატა იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამას. 2022 წლის იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის ფარგლებში დაიწყო დაიწყო სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტების, ძირითადად, ბავშვების სამკურნალო მედიკამენტების მიწოდება.
„ამ დროისათვის შესყიდულია 10 მილიონ ლარამდე ღირებულების მედიკამენტი. აღნიშნული მედიკამენტების საშუალებით, ევროპასა და ამერიკაში მოხერხდა პაციენტებში დაავადების პროგრესირების შეჩერება და მეტიც, ეს დაავადება მათი სიცოცხლისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლიდან დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ეფექტურობის გაუმჯობესება, სამინისტროს, საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააფართოოს სერვისების პაკეტი.
ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს