2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს - დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები.
ცვლილება შეეხება სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების წესსაც - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.