საქართველოში, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოდის. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი.
„ამ მედიკამენტს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი, თუ თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტები მას უფასოდ მიიღებენ - ისინი, „პაქსლოვიდით“, ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში იმკურნალებენ“ , - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „პაქსლოვიდი“ Pfizer-ის წარმოეებისაა და 90%-იანი დაცულობა გააჩნია.
ზურაბ აზარაშვილმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ახალ პარტიაზეც ისაუბრა.
„ახალი ვაქცინა, საქართველოში, მომდევნო კვირაში შემოვა“, -აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება, ისევე როგორც ვაქცინაციის პროცესი, რომლის წასახალისებლადაც კვლავ გაგრძელდება ერთჯერადი დანამატების გაცემა - პირველი აცრის შემთხვევაში 200 ლარის, „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში კი 100 ლარის ოდენობით.