სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით 2020 წელს დაიწყო მუშაობა „სოციალურ კოდექსის" შემუშავებაზე. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყების ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, სოციალური კოდექსი იქნება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის საფუძველი გახდება.
მინისტრის განცხადებით, გაანალიზდება არსებული გამოწვევები და გამოიკვეთება სისტემაში არსებული ღიად დარჩენილი საკითხები. აღნიშნულის შემდეგ კი მომზადდება წინადადებები სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების და განვითარების მიზნით, როგორც საკანონმდებლო დონეზე რეგულირების, ისე ინსტიტუციური მოწყობის კუთხით. შედეგად ჩამოყალიბდება სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა, რომელიც მოიცავს მხარდაჭერის ღონისძიებებს ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე.