საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარება ამ დრომდე მძიმეა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, „ომიკრონის“ დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლოა, ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული დღიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს გადასცდეს.
ამის მიუხედავად საქართველოს მთავრობის პანდემიის მართვის მეთოდები არათანმიმდევრული და ხშირ შემთხვევაში პოპულისტურია. საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კვლავ დაბალია ბოლო მონაცემებით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 36,7%-ია აცრილი, რაც სამიზნე მაჩვენებელზე 1,6 - ჯერ ნაკლებია. ბანერებმა, ვიდეო რგოლებმა და გათამაშებამ შედეგი ვერ გამოიღო - ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენი ლარი იყო გამოყოფილი სტრატეგიული კომუნიკაციისთვის პანდემიის სწორი მართვისა და ვაქცინაციის წახალისებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვაქცინაციის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიაში 197 072 აშშ დოლარი დახარჯა.
უწყების მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის 5 მარტს, მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ერთობლივმა საწარმომ JV of WEglobal Srl-მა გაიმარჯვა. ხოლო, მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის განხორციელების ვადა 12 თვით განისაზღვრა.
გამოთხოვილი დოკუმენტის მიხედვით, 1-ლი ივნისიდან 31 ოქტომბრამდე COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ შემდეგი ღონისძიებები ჩაატარა:
1. შეიქმნა ვაქცინაციის კამპანიის სლოგანი: „მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის“
2. მომზადდა კამპანიის ბრენდბუქი და საკომუნიკაციო მასალები:
- რეგიონებში დასარიგებლად 30 000 ბუკლეტი დაიბეჭდა
- მომზადდა 7 ბანერი და 240-მდე სტიკერი
3. შეიქმნა ვაქცინაციის მხარდამჭერი სამი ვიდეო რგოლი, რომელიც ტელევიზიებში გადის და ატვირთულია სოციალურ ქსელში.
4. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში კოვიდ კლინიკების მენეჯერებთან, სოფლის ექიმებთან, პედაგოგებთან და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე გამოყენებული იქნა ბრენდირებული საკომუნიკაციო მასალები: ბანერი, ბუკლეტები, პირბადეები, სტიკერები და ა.შ. აღნიშნული შეხვედრებისას ხდებოდა ვაქცინაციის მსურველთა აცრის ორგანიზება.
5. განხორციელდა 21 მობილური ამბულატორიის/ავტობუსის ბრენდირება თბილისსა და 4 რეგიონში (რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი).
6. მომზადდა ბრენდირებული საკომუნიკაციო მასალები, სპეციალურად, სოფლად ვაქცინაციის მარათონის მხარდასაჭერად“ , - წერია დოკუმენტში.
საქართველოში კორონავირუსით უკვე 12 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. გასული დღე-ღამის განმავლობაში სტატისტიკა კიდევ 53 პაციენტით გაიზარდა. ამ ეტაპზე ინფიცირების 40 325 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5 887 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
ბაჩო ადამია