„დაჩქარებული წესით შემოგაქვთ კანონპროექტი და არათუ სექტორთან არ გაგივლიათ კონსულტაციები, დეპუტატებმა ძლივს მოვასწარით მისი წაკითხვა. ჩემი მთავარი კითხვაა- საით მიგყავთ დარგი? სად არის ამ დროს მინისტრი? კომიტეტში მოსვლის ნაცვლად ქვეყნის შიდა ტურნეში წავიდა, უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა და ისევ არღვევს კანონს“, -ამ სიტყვებით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ. დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე თამარ გაბუნიას მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები დასვა.
„ნამდვილად ვინანე,რომ ქუთაისიდან გადმოვიტანეთ პარლამენტი, იქ რომ ყოფილიყო, იქნებ გზად მაინც შემოევლო. პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის თავმჯდომარესთანაც მაქვს ეს კითხვა, სად არის მინისტრი, წერილობით და თან არასწორად, რეგლამენტის დარღვევით მოიწერა,რომ მოვიდოდა ივნისის ბოლო კვირას კომიტეტში. მან კი ამის ნაცვლად დაჰკრა ფეხი და სამოგზაუროდ წავიდა.
მსგავსი ტიპის ცვლილებები არის პოლიტიკის ნაწილი, თქვენ მიგყავთ ქვეყანა სოციალისტური რესპუბლიკის ყაიდაზე. თქვენ წერთ,რომ კანონპროექტის ძირითადი არსი, წარმოდგენილი ცვლილებებით უფრო ეფექტური და მოქნილი გახდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლის მექანიზმები. გვაინტერესებს, აქამდე,რა პრობლემები ჰქონდა რეგულირებას ? კლინიკების რეგულირება გინდათ იმდაგვარად მოახდინოთ, რომ თქვენი კონტროლის ქვეშ იყოს ყველაფერი, მათზე გინდათ გქონდეთ ზეწოლის ბერკეტი, სასამართლო გინდათ გვერდზე გაწიოთ და კლინიკები თქვენთან პირისპირ დატოვოთ, რომ ადვილად გაუუქმოთ ლიცენზია, მერე თუ გადაწყვეტს მთავრობა ისევ დაუბრუნოთ და ასე კატა-თაგვობანა ეთამაშოთ მათ!“- აღნიშნავს კობერიძე.
მისი თქმით, სამინისტრომ, პირველ რიგში, უნდა ახსნას ცვლილებების გამომწვევი მიზეზები.
„მოგვიტანეთ სტატისტიკა, სასამართლოსაც ჩრდილს აყენებთ ამით, თითქოს თქვენ იქნებით წესიერების სიმბოლო და ჩვენ უნდა გენდოთ რატომღაც! რეალურად, კი, კორუფციის რისკს კიდევ უფრო ზრდით, ვინაიდან, რისკი უფრო მაღალი,როდესაც ურთიერთობა პირისპირია. Covid 19-მა გამოავლინა,რომ სამინისტროს მუშაობა არაეფექტიანია. პარლამენტში მოსვლაც არ გინდათ,რომ კითხვებზე პასუხი გაგვცეთ. მინისტრი იცით,რატომ არ მოდის პარლამენტში? იმიტომ,რომ ის არის არაკომპეტენტური და ვერ უპასუხებს ჩვენს კითხვებს. რას გინდათ,რომ დაამსგავსოთ ეს ქვეყანა ამ ქმედებებით ? პრაქტიკულად ყველასთან გადავრეკე, რატომ არ გაქვთ კონსულტაციები გავლილი არავისთან დარგში, ექსპეეტებთან, ასოციაციებთან? თუ თქვენ ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი? პოლიციად გინდათ,რომ გადაკეთდეთ? ჯანდაცვის სამინისტროს უნდა,რომ პოლიციური ფუნქციები შეითავსოს, მინისტრს ეტყობა ძალიან მოწონს სიმკაცრე, წარბს რომ აწევს და ყველა კარი იღება, ყველაფერი თავისით ლაგდება,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.