ჯანდაცვის სექტორი სწავლის განახლების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელის ზრდას მოელის. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა საჭირო არ არის საჭირო.
„სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლის რეკომენდაცია გამომდინარეობს ინფიცირებულების რაოდენობიდან, თუ რამდენად ბევრია. ნათელია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწვავე რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია. იმ მონაცემებში, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე გვქონდა პიკური პერიოდი კალენდარულ 46-ე კვირას, ნოემბრის ბოლოდან კი შემცირდა გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელება.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია გრიპისმაგვარმა შემთხვევებმა იანვარ-თებერვალში მოიმატოს. დღევანდელი მონაცემებით, პიკი უკვე გადავლილია, შესაბამისად, სკოლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა საჭირო არ არის, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, რაც ვიმედოვნებ, რომ ტრაგიკული არ იქნება“, განმარტა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ივანე ჩხაიძემ.