ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ევროპის რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით დაინფიცირდება.
„ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების ტემპის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME) პროგნოზირებს, რომ რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი „ომიკრონი“ შტამით მომდევნო ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში დაინფიცირდება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.
ჰანს კლუგეს თქმით, აღნიშნულ ვარიანტს მუტაციები გამოუვლინდა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, უფრო ადვილად შეეკრას უჯრედებს და ის ადამიანებიც კი დააინფიციროს, რომლებიც ადრე იყვნენ ინფიცირებულნი ან ვაქცინირებულნი.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
imedinews.ge