ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მთავრობებმა კორონავირუსზე რეაგირების ეროვნული მექანიზმები უნდა გადააფასონ და ვაქცინაციის კამპანია დააჩქარონ „ომიკრონი“ ვარიანტის დასაძლევად.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რამდენად კარგ დაცვას უზრუნველყოფენ არსებული ვაქცინები კორონავირუსის ახალი ვარიანტისგან.
„ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, გაზარდონ კონტროლი, ტესტირება და სეკვენირება. ნებისმიერი თვითკმაყოფილება ახლა სიცოცხლის ფასად დაგვიჯდება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო არსებულმა ვაქცინებმა „ომიკრონი“ შტამით ინფიცირებული ადამიანები მძიმე დაავადებისგან უნდა დაიცვან.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.
imedinews.ge