ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა მსუბუქი არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა, განსაკუთრებით ვაქცინირებულებში, ეს არ ნიშნავს, რომ ის მსუბუქ ფორმას უნდა მიეკუთვნებოდეს. ისევე როგორც წინა ვარიანტების შემთხვევაში, „ომიკრონის“ გამო, ხალხი საავადმყოფოებში ხვდება და კვდება“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
5 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის შემთხვევების ზრდამ კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში ვარიანტის გაჩენის რისკი შეიძლება გაზარდოს.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
imedinews.ge