ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა 2022 წელს პანდემიის დასრულების პირობა დაასახელა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემია 2022 წელს შეიძლება დასრულდეს, თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70% აიცრება.
„თუ გვსურს, რომ პანდემია მომდევნო წელს დასრულდეს, უთანასწორობას ბოლო უნდა მოვუღოთ და 2022 წლის მეორე ნახევრისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი და უკვე ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ინფიცირება შეუძლია.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
imedinews.ge