საქართველოს კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 18%-ი სარგებლობს. სადაზღვევო ბაზრის 2022 წლის სტატისტიკას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2022 წლის 12 თვეში 682 152 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. 2021 წელს კი პოლისების რაოდენობა 637 953 იყო, რაც მოსახლეობის 17%-ს შეადგენდა.
პოლისების რაოდენობის გარდა, ცვლილებაა კომპანიების რეიტინგშიც. 2022 წლის 12 თვის 18 სადაზღვევო კომპანიის მონაცემებით ირკვევა, რომ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 375,4 მლნ. ლარი შეადგინა. სადაზღვევო პრემია არის თანხა, რომელსაც დაზღვეული იხდის დაზღვევის სანაცვლოდ. გასულ წელს მოზიდული პრემიის ოდენობით „ჯი პი აი“ 98.1 მლნ. ლარით ლიდერობს. მეორეზეა „იმედი L“ 62.1 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „არდი“ 67 მლნ. ლარით. მეოთხე და მეხუთე ადგილს კი „თიბისი“ და „ირაო“ იკავებს, შესაბამისად 29 მლნ ლარით და 28 მლნ ლარით.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 305,5 მლნ. ლარი იყო. განსხვავებული იყო კომპანიების ხუთეულიც. 2021 წლის 12 თვეში მოზიდული პრემიის ოდენობით „ჯი პი აი“ 84.7 მლნ. ლარით ლიდერობდა. მეორეზეა „იმედი L“ 62.1 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „არდი“ 47.2 მლნ. ლარით იყო. მეოთხე ადგილს კი „ირაო“ იკავებდა 24 მლნ ლარით, ხოლო მეხუთე ადგილს „პსპ“ დაზღვევა 19.1 მლნ ლარით.
2022 წელს 18 სადაზღვევო კომპანიის მოგებამ შეადგინა 210,3 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 39,2 მილიონი ლარი (2021 წელს 40 მლნ ლარი იყო). სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 105,5 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 343,2 მილიონ ლარს.