დმანისის შვეიცარიულ აგროსკოლაში ერთი სტუდენტის ორწლიანი სწავლება 90 000 ლარამდე ჯდება

დმანისის შვეიცარიულ აგროსკოლაში ერთი სტუდენტის ორწლიანი სწავლება 90 000 ლარამდე ჯდება

access_time2021-11-07 12:00:05

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში საქართველოში შვეიცარიული ყველის 33 საწარმო ფუნქციონირებდა. მაშინ აქ წარმოებული ყველი საზღვრების ფარგლებსაც სცდებოდა, შემდეგ საწარმოები დაიხურა და შვეიცარიული ტექნოლოგიებიც მიივიწყეს. რამდენიმე წლის წინ კი ბიზნესმენ მიხეილ სვიმონიშვილის ინიციატივით, დმანისში შვეიცარიული აგრარული სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც პროფესიული სასწავლებლის გარდა, ყველის საწარმოსა და ძროხების ფერმასაც აერთიანებს. სკოლამ პირველი სტუდენტები უკვე მიიღო, ისინი მესაქონლეობისა და რძის პროდუქტების წარმოების პროგრამებზე სწავლას 8 ნოემბერს შეუდგებიან. მათ, ადგილობრივი სპეციალისტების გარდა, შვეიცარიელი პრაქტიკოსი ლექტორებიც ეყოლებათ. კამპუსის გეგმებსა და გათვლებზე, სადაც ოცდაათამდე ადამიანია დასაქმებული.

ინტერვიუ სკოლის დირექტორთან, თინათინ მახარაძესთან:

საიდან გაჩნდა იდეა საქართველოში შვეიცარიული აგრარული სკოლა დაარსებულიყო, რომელიც, თავის მხრივ, 2017 წელს შექმნილი გამოყენებითი განათლებისა და განვითარების ქართული ასოციაციის (ეიდი) პირველი პროექტია. რა გახდა ამ სკოლის დაარსების მოტივაცია?

სკოლის შექმნის იდეა ჩვენს დამფუძნებელ მიხეილ სვიმონიშვილს ჯერ კიდევ 15 წლის წინ გაუჩნდა. ის დიდი ხანია, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს და კარგად იცის ის პრობლემები, რაც საქართველოში ფერმერებს აქვთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ საჭიროა პროფესიული განათლება. ჩვენ გვჭირდება პრაქტიკოსი ფერმერები, ვინაიდან სწორედ პრაქტიკული გამოცდილება და განათლებაა ის, რამაც შეიძლება, რომ ამ სფეროში ცვლილებები გამოიწვიოს და განვითარება წაახალისოს. აქედან დაიბადა პროფესიული სასწავლებლის გახსნის იდეაც. რატომ შვეიცარიული? იმიტომ რომ, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ეს ქვეყანა ჩვენთან ყველაზე ახლოსაა იმ თვალსაზრისით, რომ ისიც მცირემიწიანი, მაღალმთიანი ქვეყანაა. ასევე ფერმის ის მოდელები, რაც შვეიცარიაში არის, საქართველოსთვისაც გამოსადეგია. ჩვენ არ ვართ იმ მასშტაბის ქვეყანა, რომ გლეხებისთვის სოფლებში ათასობით ჰექტარი იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, როდესაც ვიღაცისგან მაგალითს იღებ, უნდა აიღო საუკეთესოსგან. ამგვარად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მაგალითი შვეიცარიული სკოლა ყოფილიყო. ისინი პროფესიულ განათლებაშიც ძალიან ძლიერები არიან, ამიტომაც ეს ჩვენთვის კარგი კომბინაცია იყო.

სკოლაში მიღება წელს პირველად გამოცხადდა. როგორია დაინტერესება? რა შედეგები გაქვთ ამ დროისთვის?

იმის ფონზე, რომ პროფესიული და სასოფლო-სამეურნეო განათლება საქართველოში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, პირველივე წელს საკმაოდ დიდი გამოხმაურება გვქონდა. მიღების გამოცხადების შემდეგ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი და ინტერესი ამ სკოლის მიმართ, საბოლოო ჯამში ათი სტუდენტი ავიყვანეთ. ისინი ძირითადად ახალგაზრდები არიან – 80% 18-დან 25 წლამდე ასაკის. ზოგმა ახლახან დაამთავრა სკოლა და კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს, ზოგს განათლება უკვე აქვს და მეორე პროფესიის შეძენა სურს. ასევე ზოგს გამოცდილებაც აქვს საქონელთან ურთიერთობის, ოჯახს აქვს ფერმა და ა.შ.

საერთო ჯამში, ჩვენი კამპუსი გათვლილია წელიწადში 10-16 სტუდენტის მიღებაზე. კურსი ორწლიანია, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ კამპუსში ერთდროულად დაახლოებით 30 სტუდენტი იყოს.

როგორია ამ სკოლის ბიზნესმოდელი? სწავლის საფასურზეც რომ ვისაუბროთ, რამდენად ხელმისაწვდომია ის ფერმერისთვის?

ეს არის არაკომერციული პროექტი, რომელიც დამფუძნებლისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის გრანტებსა და დონაციებზეა. ერთი სტუდენტის ორწლიანი სწავლება დაახლოებით 90 000 ლარი ჯდება, აქედან თავად სტუდენტი მხოლოდ 8%-ს იხდის, რაშიც საერთო საცხოვრებელი, კვება, სასწავლო მასალებიც შედის. ამ ეტაპზე დონაციებზე დაფუძნებული ორგანიზაცია ვართ, სამომავლოდ კი  ყველის ქარხნის მუშაობამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი ფინანსური მდგრადობა. ასევე დამატებით ვამზადებთ მოკლევადიან ფასიან ტრენინგებსაც, რომელთაც გაზაფხულიდან დავიწყებთ, ფინანსურ შემოსავლებს ნაწილობრივ ესეც უზრუნველყოფს.

ვინ არიან თქვენი შვეიცარიელი პარტნიორები, რომლებიც სასწავლო პროგრამების შემუშავებაში დაგეხმარნენ?

ჩვენი კონცეპტუალური პარტნიორი არის „პლანტაჰოფი“ – ეს არის შვეიცარიული სკოლა, ანალოგიური თემატიკით. მათაც აქვთ შვეიცარიაში საკუთარი ფერმები და რძის საწარმოები. ეს სკოლა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს იქ. მოგეხსენებათ, შვეიცარიის სახელმწიფო ძალიან აქტიურად ეხმარება ფერმერებს. იქ ფინანსური დახმარების მიღების ერთ-ერთ წინაპირობას კი სწორედ მსგავსი სკოლის დამთავრება წარმოადგენს. ანუ, თუ ასეთი სკოლა არ გაქვს დამთავრებული, სახელმწიფო არ გეხმარება. სწორედ „პლანტაჰოფი“ დაგვეხმარა სასწავლო პროგრამების შემუშავებაში, კონცეფციის აწყობაში, ფერმების მოწყობაში, ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და თანამშრომლების გადამზადებაში. ყველა ნაბიჯი მათთან ერთად გავიარეთ. გარდა ამისა, შვეიცარიული ფონდი Gebert Ruf Stiftung-ი ჩვენი ფინანსური პარტნიორია. ფინანსურად შვეიცარიის განვითარების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამაც გვეხმარება. გარდა ამისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამებით ვიყიდეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ხოლო ფერმა IFAD-ის დახმარებით აღიჭურვა.


პრაქტიკული სწავლების მიზნით კოლეჯის ტერიტორიაზე მოწყობილი ფერმა და საწარმო უკვე მუშაობს. რა შედეგები გაქვთ? რა რაოდენობის ყველს  აწარმოებთ?

მარტში 33 სული შვეიცარიული ჯიშის საქონელი ჩამოვიყვანეთ, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვის ადაპტირებულია და მაღალი წარმადობითაც გამორჩევა. ისინი ბუნებრივ კვებაზე არიან, ამიტომაც, ვიდრე არ აცივდა, ბუნებრივ საძოვრებზე იმყოფებოდნენ, ცოტა ხნის წინ შევიყვანეთ ფერმაში. ზოგადად ყველის წარმოებისთვის ბუნებრივი საძოვრები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ქარხანაში წარმოება აგვისტოს ბოლოს დავიწყეთ, წარმადობა დღეში 2000 ლიტრია, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ფერმის რძეს ვამუშავებთ და ყოველ მეორე დღეს 500-600 ლიტრი რძის გადამუშავება გვიწევს. სამომავლოდ გვინდა, რომ რძე ადგილობრივი ფერმერებისგანაც ჩავიბაროთ. თავიდანაც დავიწყეთ ჩაბარება, თუმცა რძის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ  ფერმერების განათლება მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ყველის რეალიზაციას, ჯერ არ დაგვიწყია, ვინაიდან ჩვენი წარმოებული პროდუქტი ძირითადად არის დამწიფებული ყველი, რომელსაც მინიმუმ ოთხი თვე სჭირდება დასამწიფებლად. ამიტომ ჯერ საწყობში გვაქვს და რეალურად იანვრიდან დავიწყებთ რეალიზაციას.

რა რაოდენობის თანხა ჩაიდო სკოლაში?

დაახლოებით 14 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა ამ დრომდე, ვაგრძელებთ ინვესტირებას. მათგან ძირითადად არის მიხეილ სვიმონიშვილის და შვეიცარიული ფონდის, Gebert Ruf Stiftung-ის ინვესტიცია.

საინტერესოა ასევე, რის მიხედვით შეირჩა დმანისი?

დმანისი, წალკა, თეთრიწყარო კარგი რეგიონებია მსხვილფეხა მესაქონლეობისთვის, ვინაიდან ძალიან ბევრი საძოვარია, ნაყოფიერი მიწაა და ა.შ. გარდა ამისა, დმანისს ძალიან საინტერესო ისტორია ჰქონდა. შვეიცარიელები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში მე-19 საუკუნეში ყველის საწარმოები ჰქონდათ, სწორედ ქვემო ქართლში ცხოვრობდნენ. ძველ ჩანაწერებს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ მაშინაც საქართველოსა და კავკასიაში ძალიან ბევრი ადგილი მოიარეს და დმანისი შეარჩიეს. ახლაც, როდესაც ამ სკოლის გახსნას ვგეგმავდით, „პლანტაჰოფთან“ ერთად მთელი საქართველო შემოვიარეთ, შვეიცარიელებმა კი ისევ დმანისი შეარჩიეს. ჩვენც ამ იდეას ვემხრობით, ვინაიდან ამ რაიონში არის ბუნებრივი პირობები. თუმცა შვეიცარიული ყველის წარმოების ისტორიის გაცოცხლებაც გვინდოდა.

საქართველოში, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ის დაახლოებით 7%-ს შეადგენს. რა პერსპექტივებს ხედავთ ამ სექტორში?

პერსპექტივა დიდია. ქვემო ქართლში უამრავი აუთვისებელი საძოვარია. ვფიქრობ, ამ პოტენციალის მქონე ქვეყანაში რძის ფხვნილის იმპორტი არ უნდა ხდებოდეს. ყველანაირი პირობა გვაქვს იმისა, რომ ეს პროდუქტი ადგილზე ვაწარმოოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ფერმერებს მივცეთ განათლება, მათ უნდა ისწავლონ, როგორ უნდა გააუმჯობესონ რძის ხარისხი, საქონლის ჯიშები და ა.შ. ამ ყველაფრით უკეთესი შედეგების მიღწევა შესაძლებელია. ამისათვის, განათლების გარდა, საჭიროა კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარებაც. ფერმერებს უნდა ვასწავლოთ ისიც, რომ აუცილებელია საქონლის ჯანმრთელობა. ვეტერინარიას სერიოზული მიხედვა სჭირდება. ამიტომაც რეგიონის ფერმერებთან აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ. გვაქვს საინტერესო პროექტები, რომელთა ფარგლებშიც ავარჩევთ სატესტო ფერმებს, სადაც ახალი ტექნოლოგიების შეთავაზებას და დანერგვას დავიწყებთ.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ადგილობრივ ფერმერებს ყველაზე მეტად იმ ტექნოლოგიების ცოდნა აკლიათ, რაც პროდუქციის ხარისხს გააუმჯობესებს. ამისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება, რომელიც საქართველოში ნაკლებად პოპულარული და მიმზიდველია. რა ნაბიჯების საჭიროებას ხედავთ ამ კუთხით როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მხრიდან?

პრობლემა ისაა, რომ პროფესიულ კოლეჯებს საწარმოო ბაზები არა აქვთ. თუ პრაქტიკაზე არ იქნება პროფესიული სწავლება მიბმული, შედეგი არ გვექნება. ამაში რაღაც დოზით კერძო სექტორიც უნდა იყოს ჩართული და ზოგადად პროფესიულ კოლეჯებს უფრო მეტი თავისუფლებაც თუ ექნებათ პროგრამების მომზადებაში და ა.შ., კონკურენციაც გაიზრდება. პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის განსხვავება კი სწორედ ისაა, რომ პროფესიულის შემთხვევაში პრაქტიკა მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასევე ვთვლით, რომ უფრო ეფექტიანია კონკრეტულ პროფილზე კონცენტრირებული კოლეჯები, რაც პრაქტიკის ბაზებთან წვდომასაც გააადვილებს. ასევე სასურველია, შესაბამისი პროფილის კოლეჯი ფუნქციონირებდეს რეგიონში, სადაც ამ პროფესიის პერსპექტივა არსებობს, მაგალითად, დმანისში – მეცხოველეობა, კახეთში მეღვინეობა და ა.შ.

გარდა ამისა, საჭიროა პროფესიული განათლების წახალისებაც. ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ რეალური შედეგები, რის მიღწევა შეუძლიათ მათ პროფესიული განათლებით.

რა იქნება ამ სკოლის შემდეგი ნაბიჯი? როგორია განვითარების მომდევნო გეგმა? ვიხილავთ თუ არა ახალ პროგრამებს?

ჩვენ პროფესიული პროგრამების დამატებას არ ვგეგმავთ, ჩვენი მიმართულება მეცხოველეობა და რძის პროდუქტების წარმოებაა. ვაპირებთ ასევე წვრილფეხა საქონლის ფერმის მშენებლობას და ამ კუთხით პროგრამის დამატებას. ასევე სკოლას მოკლევადიანი პროგრამები და ფერმერთა კონსულტაციებიც დაემატება. ესაა ის, რაც ამ ეტაპისთვის შედის ჩვენს უახლოეს გეგმებში.


წყარო: ფორბს ჯორჯია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up