ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Citigroup Global Markets Inc.-ის თანახმად, დოლარი მანამ გააგრძელებს გამყარებას, სანამ გლობალური ეკონომიკის შენელების ტენდენცია არ დასრულდება და კვლავ ზრდის გზას არ დაადგება.
მანამდე კი, Citi-ის თანახმად, ამერიკული ვალუტა ყველაზე უსაფრთხო აქტივად ითვლება და მისი გამყარების ტრაექტორიის შესაცვლელად ნარატივის ცვლილება იქნება საჭირო.
მსოფლიოში იმატებს დავა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება დოლარის რბოლა მწვერვალისკენ. ამჟამად დოლარის ინდექსი, რომელიც 6 უცხოური ვალუტის მიმართ ზომავს მის კურსს, წელს თითქმის 18%-ითაა გაზრდილი, რაც 1972 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გამყარებული დოლარი მთავარი განხილვის საგანი იყო ამ კვირაში ვაშინგტონში შეკრებილი საფინანსო სექტორისა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებისთვის. ბევრი ეკონომიკური პრობლემის წინაშე მდგარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ძლიერი დოლარი დამატებითი წნეხია, რადგან მათ პროდუქციის იმპორტს უძვირებს.
მაღალი ინფლაციის მოსათოკად აშშ-ს ფედერალურ რეზერვს აგრესიული მონეტარული პოლიტიკა აქვს არჩეული და საპროცენტო განაკვეთები წელს უკვე გაზარდა 2.25-2.50 საბაზისო პუნქტით, რაც ქვეყანაში რეცესიის რისკს ზრდის და აქციების ფასებზეც უარყოფითად მოქმედებს. ფასების ამგვარი ზრდა, დიდი ალბათობით, Fed-ს აიძულებს, მომდევნო სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა კიდევ გაამკაცროს და განაკვეთები უფრო მეტად გაზარდოს.
Citigroup-ის თანახმად, ფედერალურმა რეზერვმა განაკვეთების ზრდის ტემპიც რომ შეანელოს, ახლა ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ინვესტორების უმეტესობამ ამერიკული ვალუტის გაყიდვა დაიწყოს და კურსმაც დაიწიოს.
bpn.ge