საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 ივლისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.2% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.8% — ლარში.
საპენსიო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ საპენსიო სააგენტოს პორტფელის განაწილებას აფასებს. მისი თქმით, სწორ დროს რომ ყოფილიყო დოლარი შესყიდული, ახლა ფონდის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ლარით მეტი იქნებოდა.
„რაც შეეხება საპენსიო ფონდის კანონით დაშვებული 20%-ით დოლარის შესყიდვას, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. სამწუხაროდ დოლარი შესყიდულ იქნა ამა წლის მარტის თვეში, როდესაც მისი ღირებულება ლარში ყველაზე ძვირი 3.40 ლარის ფარგლებში იყო, ეროვნული ბანკის მონაცემებით. 2020-ის დასაწყისიდან რომ დაეწყოთ გეგმაზომიერი შესყიდვა ან თუნდაც დღეს რომ შეესყიდათ, 2.71 ლარს გადაიხდიდნენ დოლარში, 25%-ით ნაკლებს. განსხვავება დაახლოებით 100 მილიონი ლარია. ანუ, სწორ დროს რომ ყოფილიყო დოლარი შესყიდული, ახლა ფონდის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ლარით მეტი იქნებოდა.
კითხვა კიდევ უფრო რომ განვავრცოთ, აღსანიშნავია, რომ ძვირად შესყიდული დოლარებით განხორციელდა გარკვეული საერთაშორისო ინდექსის ფასიანი ქაღალდების შესყიდვა. ეს ინდექსი მართალია ძალიან კარგად დივერსიფიცირებულია არასისტემური რისკების მიმართ, მაგრამ მოწყვლადია გლობალური სისტემური რისკების მიმართ, რაც დღეს სახეზე გვაქვს. ანგარიშში არ ჩანს რა ფასად შეიძინეს ამ ინდექსის ფასიანი ქაღალდები და რა ღირს იგი დღეს. ვფიქრობთ, რომ არ იყო გათვალისწინებული გლობალური სისტემური რისკები, რომლებიც უკვე სახეზე იყო შეძენის მომენტში და ეს შეძენაც არასწორ დროს განხორციელდა და ფონდის მიმდინარე მაჩვენებლებზეც შესაბამისად აისახა.
ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაც უშუალო კავშირშია ზემოაღნიშნულთან და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას არის ის, რომ საპენსიო სააგენტოს არ გააჩნია დამოუკიდებელი რისკების კონტროლის სტრუქტურა, არ გააჩნია შესაბამისი რისკების გაზომვის და აგრეგირების რაოდენობრივი მეთოდოლოგიები და საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ერთი ვერტიკალის (საინვესტიციო სამსახური) მიერ, ყოველგვარი დამოუკიდებელი კონტროლის გარეშე. ეს კი არანაირ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება“, - აღნიშნავს ლევან სურგულაძე.