აშშ-ში მონეტარული პოლიტიკა ისევ მკაცრდება. როგორც ქვეყნის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომი პაუელმა განაცხადა, განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით გაიზრდება. აშშ-ს ფედერალური რეზერვის შემდეგ და ინგლისის ცენტრალურ ბანკთან ერთად, მონეტარული პოლიტიკა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაზარდა.
ამერიკის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზედიზედ რამდენჯერმე გაზრდის ეფექტი საქართველოს უკვე დაეტყო. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ დოლარში სესხები გაძვირდა, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი კი შენელდა, თუმცა ამაზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს, მათ შორის საქართველოს ცენტრალური ბანკის ბოლო რეგულაციები.
„უცხოურ ვალუტაში გარკვეულწილად ეს უკვე ასახულია და გაზრდილია საპროცენტო განაკვეთები სასესხო შეთავაზებებზე. ეს მომხმარებლებმა უკვე იგრძნეს და ნახეს კიდევაც. თუმცა, ერთ ფაქტორს არ გამოუწვევია ზრდის ტემპის შენელება.
წლის დასაწყისში უცხოურ ვალუტაზე ვიხილეთ გადაწყვეტილება, ასევე 3%-იანი რისკის ბუფერის გამოთვლა მხოლოდ არსებულ სესხებზე, არამედ წინა პერიოდში აღებულ სესხებზე, სამომხმარებლო სესხებზე ვადიანობის შემცირება 4 წლიდან 3 წლამდე — ანუ ყველა გადაწყვეტილება რეალურად მიზანმიმართულად ანელებდა დაკრედიტების ტემპს, მაგრამ ასევე მეორე მხარეს გვაქვს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც პირდაპირპროპორციულად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე აისახა და ამას თან დაერთო უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ზრდა“,- აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 3.50%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები კი 4.25-4.5%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია და ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.