აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს მათი მორიგი ტრიუკია.
„ახლა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებას შეუდგნენ. საერთოდ არაფერი ესმით. კორონავირუსი კი არა, თავიანთ ხმებს ვერ ითვლიან აიოვაში”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ეს დემოკრატების მორიგი ტრიუკია და მათი ნარატივი თეთრი სახლის კრიტიკაა.
„დემოკრატები ყოველთვის იტყვიან საშინელ რაღაცებს. მათ ძალიან სურთ, რომ ჩვენ დავმარცხდეთ. ჩემი ადმინისტრაცია მზადაა ამ ვირუსის წინააღმდეგ ზომების მისაღებად. აგრესიული ზომები მივიღეთ, რათა თავიდან აგვეცილა აშშ-ში ვირუსის გავრცელება. კორონავირუსისგან აშშ-ში არავინ გარდაცვლილა”,- დასძინა მან.
მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 533-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
imedinews