2026 წლისთვის დუბაიში მფრინავი ტაქსები გამოჩნდება - ამის შესახებ ინფორმაციას arabianbusiness.com ავრცელებს, გამოცემის ცნობით აღნიშნული სერვისის ამოქმედებას ადგილობრივი ხელისუფლება 2017 წლიდან მოყოლებული ცდილობს. როგორც შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი სოციალურ ქსელ ტვიტერის გვერდზე წერს ამიერად აეროტაქსების პროგრამა განახლდა.
დუბაის გზებისა და ტრანსპორტის სამმართველოს წარმომადგენელმა, აჰმედ ბაჰროზიანმა სახელმწიფო რადიოს Dubai Eye-ს განუცხადა, რომ აეროტაქსით გადაადგილების საფასური ლიმუზინით მგზავრობის შესაფერისი ან ოდნავ უფრო ძვირი იქნება და მინიმალური საფასური 3,25 დოლარს, ხოლო კილომეტრზე 0,5 დოლარს შეადგენს.
გამოცემის ცნობით, პროგრამის პარტნიორი ამერიკელი ვენჩურული საავიაციო კომპანია Joby Aviation იქნება, თუმცა აქამდე პარტნიორებად ჩინური EHang 184 და XPeng X2 ან გერმანულ Volocopter მოიაზრებოდა, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კონტრაქტი ჯერჯერობით არც ერთ საავიაციო პარტნიორთან არ გაფორმებულა.
Joby Aviation-ის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მის პროტოტიპს დამუხტვის გარეშე 240 კმ-ზე მეტ მანძილის დაფარვა შეუძლია და სასტარტო წერტილიდან აბუ დაბიმდე და ქვეყნის სხვა ადგილამდე მოხვედრის საშუალებას იძლევა, პროტოტიპის სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია და მას ვერტიკალური აფრენა-დაშვების ფუნქცია აქვს.