რა პოტენციალი აქვს გუდაურს იმისათვის, რომ დამსვენებელი ზაფხულშიც მოიზიდოს. ამ თემაზე „კომერსანტთან“ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გეგა სალუქვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი და ძალიან დიდი პრობლემა პარაგლაიდინგის აკრძალვაა, რადგან 100-მდე კაცი უმუშევარი დარჩა, რომლებიც სათხილამურო ბიზნესში ცდილობდნენ გადასვლას, რამაც ინსტრუქტორებს შორის კონფლიქტი გამოიწვია.
„გუდაურში აღმოსავლეთიდან ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, რომლებსაც პარაპლანით ფრენა ხიბლავს, ასევე ძალიან პოპულარული მიმართულებაა „ბურანები“, თუმცა პრობლემა აქაც არის, როგორც პარაგლაიდინგის ვიძახდით, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო და ბიზნესში ყველა არ უნდა ჩართულიყო, იგივეა ბურანებზეც. სანამ ის უბედურება არ მოხდა, ტურისტი არ დაიღუპა და საერთოდ არ აიკრძალა ეს მიმართულება, არაფერი არ გამოსწორდა. იგივე ხდება ბურანებზეც, სანამ ვინმეს არ გაიტანენ, იქამდე მოწესრიგებაზე არავინ არ იზრუნებს.
მე არანაირი აკრძალვის მომხრე არ ვარ, ყველანაირი ექსტრემალური სპორტი უნდა არსებობდეს, უბრალოდ ამ ბურანებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი სივრცე, სადაც უფრო მაღალი სიჩქარის აკრეფასაც შეძლებენ, მეტ ექსტრემსაც გამოცდიან და უფრო უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.
რაც შეეხება ზაფხულის მიმართულებას, გეგა სალუქვაძე აღნიშნავს, რომ დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია ველოსიპედით მთიდან დაშვება, რისი პოტენციალიც გუდაურის სასრიალო ტრასებს ზაფხულში ნამდვილად აქვს, თუმცა აქვე სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულების განვითარება შეუძლებელია, რადგან ზაფხულში სასრიალო ტრასები საძოვრებად ქირავდება და სრული ანტისანიტარია იქმნება.
„ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ გუდაურმა ზაფხულშიც შეიძინოს დატვირთვა. ველოდაშვება, რომელიც მსოფლიოში ძალიან პოპულარულია შესაძლოა, რომ გუდაურშიც განვითარდეს, ძალიან დიდი პოტენციალია იმისა, რომ ეს ტრასები ველოსპორტისთვის იყოს გამოყენებული, თუმცა აქაც ძალიან დიდ პრობლემას ვაწყდებით, ზაფხულში ეს სასრიალო ტერიტორიები საძოვრებად ქირავდება, საგარეჯოს რაიონიდან აქ ამოდიან მეცხვარეები, რომლებიც პირდაპირ მთაზე სახლდებიან და სრული ანტისანიტარია იქმნება იმ დროს, როდესაც ტურისტები ჰაიკინგისთვის ჩამოდიან საქართველოში.
გუდაურში არის ტბა, სადაც წყლის თხილამურები ვითარდება, წინა ზაფხულს იყო პირველი შემთხვევა როცა ამ ტბაზე ისრიალეს. ამ ტბისკენ მიმავალ ტურისტებს თავს ესხმიან მეცხვარის ძაღლები და იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც ტურისტი ამ ძაღლებმა დაგლიჯეს. უნდა მოხდეს ისე, რომ ეს ცხვრები სხვა ადგილას გადაიყვანონ“, - აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.
თაკო კვაჭანტირაძე