ოქრო და სხვა ძვირფასი მეტალები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად გაუფასურდა, ამის მიზეზი კი დოლარის გამყარება და ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობის შესახებ ინფორმაცია გახდა.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე NYMEX გუშინ საღამოსთვის ოქროს ფასი 0,35%-ით გაუფასურდა და უნციაზე 1 639 დოლარი შეადგინა, ხოლო ვერცხლის ფასმა 0,79%-ით მოიკლო 18,99 დოლარამდე უნციაზე. პალადიუმის ფასი 2,9%-ით შემცირდა 1 842 დოლარამდე უნციაზე, ხოლო პლატინის ფასი 2%-ით 930 დოლარამდე უნციაზე.
ICE ინდექსის მიხედვით, დოლარი გუშინ მსოფლიოს 6 ძირითად ვალუტასთან მიმართებით 0,6%-ით გამყარდა, ხოლო 10-წლიანი ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა ვაჭრობის შედეგად 9,6 საბაზისო პუნქტით გაუმჯობესდა 4,046%-მდე.
ბაზრის მონაწილეები ელოდებიან ამერიკის ფედრეზერვის სხდომას, რომელიც 1-2 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. ანალიტიკოსების უმეტესობის აზრით, ფედრეზერვი კვლავ გაზრდის საპროცენტო განაკვეთს 75 საბაზისო პუნქტით 3,75-4%-მდე. ამის შემდეგ კი ამერიკის ცენტრალური ბანკი შეამცირებს განაკვეთების ზრდის ტემპებს.
bpn.ge