ძლიერმა ქარმა სამეგრელოში 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანა. მათ შორის 30 საცხოვრებელი კორპუსია. ასევე დაზიანებულია სამი საჯარო სკოლის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ ფოთის უმეტეს ნაწილს და რეგიონის სამოცამდე სოფელს.
სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ინფორმაციით, ენერგო-პრო ჯორჯიას მობილიზებული ჰყავს ბრიგადები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, მიმდინარეობს სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ თუ ქარი ჩადგება, დღის ბოლომდე, დაზიანებული ობიექტების აღდგენას შეძლებენ.
ამ დრომდე სამეგრელოში მეტეოროლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშრუტო ტაქსის დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები შექმნა მოძრაობის მხრივ, დაზიანდა ტროტუარები, თუმცა მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხდა გზების გახსნა.
ასევე დაზიანდა ბუნებრივია აირის მილები. ფოთში კუნძულის უბანში დაზიანებულია გაზის მილსადენი, სადაც მუშაობს სამაშველო სამსახურთან ერთად სოკარ ჯორჯია გაზი, აღდგენით სამუშაოებზე. ანალოგიური სიტუაცია ხობში, სადაც აგრეთვე მუშაობენ სპეციალისტები ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად.