ვისოლის დირექტორი, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ბიზნესი გადასახადების ნებისმიერ შემცირებას, მათ შორის, საწვავზე აქციზის შემცირებას მიესალმება. მისივე განცხადებით, საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და ძვირად ნაყიდი საწვავი იაფად ვერ გაიყიდება.
საქართველო საწვავის იმპორტიორია. სავაჭრო ქსელები, რომლებიც საწვავის ინდუსტრიაში არიან წარმოდგენილები, არიან გამტარები - ყიდულობენ და ყიდიან საწვავს, თუ მაღალ ფასში შევისყიდით საწვავს, იმას იაფად ვერ გავყიდით. ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასისი მიმართულებით. თუ მთავრობა აქციზს შეამცირებს, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, ვისოლმა დეკემბრის შუა რიცხვებიდან საწვავის გაიაფება დააანონსა. პირველ დეკემბერს „ვისოლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ თქვა, რომ ორ კვირაში საქართველოში საწვავი საშუალოდ 10-15 თეთრით გაიაფდებოდა.
„ნოემბრის მეორე ნახევრიდან ნავთობის საერთაშორისო ფასებმა შემცირება დაიწყო, რაც ორმა გარემოებამ განაპირობა. აშშ-ს განცხადებამ, რომ ნავთობის მარაგების გაყიდვას გეგმას და კოვიდის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენამ - ახალი ლოკდაუნის მოლოდინში ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა. შესაბამისად, საწვავის გაძვირების ტრენდმა, რომელმაც ოქტომბერში პიკს მიაღწია კლება დაიწყო. ეს გარემოება ბუნებრივია, რომ საქართველოზეც აისახება და საწვავის გაიაფებას აქაც უნდა ველოდოთ“, - თქვა ხორავამ და განმარტა, რომ კომპანიის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა მარაგების შევსება და დაახლოებით ორ კვირაში, საწვავის საცალო ფასი საქართველოში კლებას დაიწყებდა. საწვავის გაიაფების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად ხორავამ ლარის სტაბილურობა დაასახელა.
შეგახსენებთ, საქართველოში საწვავის გაძვირებას ვისოლისა და სხვა კომპანიების მიმართ საპროტესტო კამპანია მოჰყვა.
წყარო: "ბიზნეს ფორმულა"