მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანია NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,12% -ს შეადგენს.
თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ძვირი იპოთეკური სესხი ავტომატურად უძრავი ქონების ნაკლებ მყიდველს ნიშნავს და იმ პირობებში, როდესაც იპოთეკური სესხის პროცენტი ქვეყანაში ასეთი მაღალია, ეს თავისთავად სამშენებლო ბიზნესს აზარალებს და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს.
„კომერსანტი“ შეეცადა უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეებთან გაერკვია, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ ბოლო პერიოდში საქართველოში. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანადამფუძნებელი მაია გამზარდია ამბობს, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში იპოთეკური სესხის პროცენტი საკმაოდ მაღალია, ასევე ბოლო დროს გამკაცრდა საბანკო რეგულაციები, ამ ორმა ფაქტორმა კი ცალსახად უარყოფითად იმოქმედა უძრავი ქონების გაყიდვებზე.
„იპოთეკური სესხების ირგვლივ არსებულმა შესაბამისმა ცვლილებებმა, მათ შორის იმან რომ საქართველოში პროცენტი საკმაოდ მაღალია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით და საბანკო რეგულაციები გამკაცრდა, რომლებიც ამ სესხებთან მიმართებაში დღესდღეობით გვაქვს, ამ ორმა ფაქტორმა ცალსახად უარყოფითად იმოქმედა უძრავი ქონების გაყიდვებზე. ვთვლი, რომ საბანკო სფეროში არაჯანმრთელი მიდგომა და რეგულაციები - არასწორია, გარდა ამისა დოლარში, ევროში და ლარში იპოთეკური სესხის პროცენტი განსხვავებულია, აქედან გამომდინარე სხვადასხვაა ამ სესხების აღების პირობებიც. გარდა ამისა, კრიტერიუმები, რომლებითაც ბანკი უნდა დაკმაყოფილდეს, რათა სესხი გასცეს, საკმაოდ რთული მოსაძებნია, ჩვენს არასტაბილურ გარემოში, ეს ყველა მიმართულებაზე გავრცელდა, როგორც საცხოვრებელ ბინებზე, ასევე კომერციულ ფართებზე. გაყიდვები შემცირდა ამ ყველაფრის და არასტაბილური ლარის კურსის გამო. ცოტა უკეთესი მდგომარეობაა ბიზნესთან მიმართებაში, რადგან ეს საბანკო რეგულაციები ბიზნეს სესხების გაცემაზე მძიმედ მაინც არ აისახა. ცალსახად უარყოფითად არის ასახული არსებული სიტუაცია ფიზიკური პირების მიერ იპოთეკური სესხებით უძრავი ქონების შეძენის კუთხით, მათზე საბანკო რეგულაციების გარდა მაღალი საპროცენტო განაკვეთიც მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში 5%-დან 10%-მდეა შემცირებულია უძრავი ქონების გაყიდვები“, - განაცხადა მაია გამზარდიამ.
უძრავი ქონების სააგენტო „გედევანიშვილი და კომპანიის“ დამფუძნებელი ნინო გედევანიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას გაუჭირდა სესხის აღება, რაც თავისთავად უძრავი ქონების გაყიდვებზე უარყოფითად ისახება.
„სესხების საპროცენტო განაკვეთი და გაცემის პირობები როცა შეიცვალა, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდით, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ეს ასახვას ჰპოვებდა, იმიტომ რომ მოსახლეობას გაუჭირდება იმ სესხის აღება, რომლითაც უძრავ ქონებას შეიძენდა, იმ მოცულობის თანხას კომერციული ბანკები აღარ გასცემენ, რომ მისი შეძენა მოახერხონ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აზარალებს და მომავალშიც დააზარალევბს უძრავი ქონების ბაზარს, მითუმეტეს თუ ამის ფონზე მოთხოვნა შემცირდება და მოგვიწევს უძრავი ქონების გაიაფება. ამ ეტაპზე საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა არის, მაგრამ მოსახლეობას სესხის აღება უჭირს“, - აცხადებს ნინო გედევანიშვილი.
ნინო თამაზაშვილი