ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ავიაკომპანიებს ურჩევს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.
„აღნიშნული ინციდენტის გარემოებები სერიოზულ ეჭვს იწვევს იმის თაობაზე, სცემს თუ არა ბელარუსი პატივს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო წესებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბელარუსის მიერ განხორციელებული ქმედება აღნიშნული რეისის უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის შექმნის ტოლფასია.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
imedinews.ge